
კატირინი საქართველოს მიმართ რუსეთის შემდგომ მიზნებს ასახელებს
21/06/2023 17:53:35 პოლიტიკა, ეკონომიკა
მოსკოვის შემდეგი მიზანი, რომელიც საქართველოს უკავშირდება, სარკინიგზო ტრანზიტია. როგორც "როსიისკაია გაზეტას" რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა სერგეი კატირინმა განუცხადა, "აუცილებელია სარკინიგზო ტრანზიტის ორგანიზება აბრეშუმის გზის მარშრუტის ფარგლებში: ჩინეთი, ირანი (პორტი ბანდარაბასი, ასტარა), აზერბაიჯანი (ასტარა, გაბალა), საქართველო (მარნეული), აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთი".
"მსგავსი ტრანზიტის ჩამოყალიბება, სხვა ყველაფერთან ერთად, შესაძლებელს გახდის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას გაზისა და ნავთობის სტაბილური, პროგნოზირებადი ფასებით მიწოდებაზე, ასევე განტვირთავს ზემო ლარსის გადასასვლელს და შეამცირებს გადასაზიდი ტვირთების ფასს მათი მოცულობის ზრდის პირობებში" - განაცხადა კატირინმა და არ დაუმალავს, რომ "თურქეთის გავლით რუსული ტვირთების გადაზიდვის კუთხით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მსგავსი სქემის ორგანიზება [მოსკოვისთვის - რედ.] სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
კითხვაზე, განსაკუთრებით რომელი მიმართულებებით თანამშრომლობაშია დაინტერესებული რუსეთი, მან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, გაზის, ქვანახშირის, ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ექსპორტი დაასახელა და აღნიშნა, რომ "მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკვე 73%-ითაა გაზრდილი და არსებობს მისი კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა".
ამასთან, კატირინმა გამოხატა რუსული მხარის დაინტერესება, "საქართველოში რუსეთიდან შემომავალი პროდუქციის საბოლოო ციკლის საწარმოები შეიქმნას".
ამ კონტექსტში მან ისაუბრა "ქართული მხარის წინადადებებზეც", რომელიც "ნუშის გადამამუშავებელი ქარხნის, სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობას, ასევე სამშენებლო კონსტრუქციებისთვის მეტალის ჰაბის ჩამოყალიბებას" ითვალისწინებს.
ყველა ეს თემა, კატირინის ინფორმაციით, განიხილება მიმდინარე წელს ჩამოყალიბებული "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" ფარგლებში და "რიგი კონკრეტული საკითხების განხილვა უკვე დაწყებულია".
კითხვაზე, "რამდენად ხერხდება მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა?", მან განაცხადა, რომ "არის იმ მიმართულებების გამოკვეთის მცდელობები, რომელშიც ერთობლივი წინსვლაა შესაძლებელი და გარკვეული ქართული წრეების ინტერესიც სახეზეა".
"ვერ ვიტყვი, რომ ეს მთელი საქათველოს ინტერესია, მაგრამ ბიზნეს-წრეებში ბევრია ისეთი, ვისაც სურს, შეუძლია კიდეც და რუსული მხარის მხარდაჭერას ეძებს".
სწორედ ასეთი მხარდაჭერის მაგალითად დაასახელა კატირინმა 15 მაისიდან პირდაპირი ფრენების განახლება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება.
ამასთან, მან ფაქტობრივად, აღიარა, რომ ამ ყველაფერს რუსეთი "რბილ ძალად" განიხილავს საქართველოს მოსახლებაზე ზემოქმედებისთვის:
"ავიამიმოსვლაცა და სავიზო რეჟიმიც - ეს ერთგვარი სიგნალებია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას საქართველოსთან თანამშრომლობა სურს და პირველი, რაზეც დავიწყეთ საუბარი, როცა ორმხრივი საქმიანი საბჭო შევქმენით... როგორც რუსი დიპლომატები ამბობენ, რუსული მხარის პრინციპული მიდგომა მდგომარეობს რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და ურთიერთობის პირობების თანმიმდევრულ გამარტივებაში, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. სწორედ ამაზე იყო მიმართული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებაც და ჩვენი ორმხრივი საბჭოს საქმიანობაც - ეს არაა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა, ეს არის ჰუმანიტარული საკითხებიც. აი, დღეს, მაგალითად, რუსეთში ქართული დიასპორის დღეები გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება. ჩვენი ქართველი პარტიორები დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის და ვიმედოვნებთ, ეს ოპტიმისტური განწყობა ჩვენს ერთობლივ საქმიანობაში დიდხანს გასტანს".
კატირინის ინფორმაციით, რუსული მხარე უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში ლიპეცკის ოლქისა და სტავროპოლის მხარის დელეგაციების ვიზიტის ორგანიზებას ისურვებდა.
"ეს ოლქები სადღეისოდ ყველაზე აქტიურად არიან დაინტერესებული საქართველოსთან თანამშრომლობით. მათი წარმომადგენლები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოში ჩასვლისა და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის მიმართ" - დასძინა მან.