ლატვიის პრემიერი: ჩვენი შვეულმფრენების მთელი ფლოტის უკრაინაში გასაგზავნად ვემზადებით
21/06/2023 15:21:44 მსოფლიო
ჩვენი შვეულმფრენების მთელი ფლოტის უკრაინაში გასაგზავნად ვემზადებით, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლონდონში ტარდება.
მისი თქმით, ლატვიას არასოდეს ჰქონია ილუზიები რუსეთზე, ამიტომ ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული წარმოების პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემის "MANPADS" გადაცემა დაიგეგმა.
''ჩვენმა მთავრობამ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-ზე მეტი უკრაინის დახმარებაზე დახარჯა, საიდანაც 1%-ზე მეტი მხოლოდ სამხედრო საჭიროებებისთვისაა. ასე რომ, ყველა ჩვენი "Stinger" რაკეტა ახლა უკრაინაშია. ჩვენ გვაქვს შვეულმფრენების ფლოტი, რომელსაც უკრაინაში გავგზავნით. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით. ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!", - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.


