ჩინეთში პროვოკაცია უწოდეს ჯო ბაიდენის მიერ სი ძინპინის დიქტატორად მოხსენიებას
21/06/2023 13:42:39 მსოფლიო
ჩინეთმა „საჯარო პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თავისი ჩინელი კოლეგის სი ძინპინის „დიქტატორად“ მოხსენიებას,– ამის შესახებ, Bloomberg–ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მაო ნინგმა განაცხადა.
ოთხშაბათს პეკინში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა აშშ-ის ლიდერის კომენტარები "უპასუხისმგებლოდ" შეაფასა.
„ეს ეწინააღმდეგება ძირითად ფაქტებსა და დიპლომატიურ პროტოკოლს, სერიოზულად არღვევს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას და არის საჯარო პოლიტიკური პროვოკაცია“, - თქვა მან.
ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. კერძოდ, ბაიდენმა გაიხსენა აშშ-ის მიერ ჯაშუში ბუშტის ჩამოგდების გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა და აღნიშნა, რომ სი ძინპინი ამ გარემოებებმა დააბნია.
„მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, როდესაც ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს ბუშტი ჩამოვაგდე, ის იყო, რომ მან არ იცოდა, რომ იქ იყო. დიქტატორებისთვის დიდი უხერხულობაა, როდესაც არ იცის, რა მოხდა“, - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინსა და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. როგორც განიმარტა, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვა იყო. ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ გარკვეული პროგრესი მიიღწა. ბლინკენის თქმით, ორივე მხარე ღიაა მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
ბუშტი სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ამერიკულმა გამანადგურებელმა 4 თებერვალს ჩამოაგდო.ინციდენტმა დიპლომატიური დავა გამოიწვია და მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთში მოგზაურობა გააუქმა.
მედიის ცნობით, ჩინურმა ბუშტმა, რომელმაც წლის დასაწყისში აშშ-ს თავზე რამდენჯერმე გადაუფრინა, სამხედრო ბაზებიდან სადაზვერვო მონაცემების შეგროვება მოახერხა. თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოახერხეს ბუშტისთვის დაზვერვის ცნობების შეგროვების შეზღუდვა.


