
ლომჯარია: მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო
21/06/2023 07:17:15 საზოგადოება
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება და უსაფრთხო სამუშაო პირობები. ამის შესახებ ლომჯარია Facebook-ზე წერს.
"მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები! და საერთოდ, ჭიათურა ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონი უნდა იყოს და სიღარიბეში არ უნდა ცხოვრობდეს!", - წერს ლომჯარია.
დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელების ნაწილი უკვე მე-10 დღეა, შიმშილობს. 18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა. ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
მაღაროელების ნაწილმა თბილისში, პარლამენტთან, მიზნით, რომ გააგონოს საკუთარი ხმა, მათ შორის, ხელისუფლებას, 19 ივნისს გადმოინაცვლა. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ. პროტესტანტები პარლამენტის შენობის წინ აქციების გამართვის პარალელურად, პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიმართვას – შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.