
მაღაროელები დღეიდან პარლამენტთან შიმშილობის დაწყებას აანონსებენ
21/06/2023 06:21:36 საზოგადოება
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციების გამართვის პარალელურად, პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიმართვას – შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
მათ 20 ივნისს “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობაც გამართეს. ოფისთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ისინი მონობას არ შეეგუებიან, გაფიცვა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
"არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს”, - ამგვარია მაღაროელების პოზიცია.
დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელების ნაწილი უკვე მე-10 დღეა შიმშილობს. მაღაროელების ნაწილმა თბილისში, პარლამენტთან, მიზნით, რომ გააგონოს საკუთარი ხმა, მათ შორის, ხელისუფლებას, 19 ივნისს გადმოინაცვლა. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა.