
ბენი განცმა მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო
21/11/2019 05:42:45 სხვა, მსოფლიო
ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ ბენი განცმა მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა. მას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის მიცემული ვადა 20 ნოემბერს ამოეწურა.
მანამდე მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი ნეთანიაჰუს ჰქონდა, თუმცა კაბინეტის ფორმირება ვერც მან შეძლო. ამგვარად იმის ალბათობა, რომ ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, სულ უფრო მაღალია.
21 დღის განმავლობაში ისრაელის პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, მთავრობის ფორმირების მანდატი ქნესეთის 120 წევრიდან ნებისმიერ კანონმდებელს გადასცენ. თუ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას ისიც ვერ შეძლებს, 90 დღის განმავლობაში არჩევნები დაინიშნება.
17 სექტემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმების მოპოვება. ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 120-ადგილიან ქნესეთში 32 ადგილი მოიპოვა, ბენი განცის „ლურჯმა და თეთრმა“ კი – 33.