
გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
21/11/2019 05:20:08 სხვა, მსოფლიო
ბერლინში აგვისტოში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. ასეთი გადაწყვეტილება მიგრაციის საკითხთა ფედერალურმა უწყებამ ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიიღო, რის შესახებაც გამოცემა „შპიგელი“ დღეს წერს.
გამოცემასთან საუბარში ხანგოშვილის მეუღლე მანანა ცატიევამ განაცხადა, რომ მოხარულია ამ გადაწყვეტილებით, რადგან დევნილის სტატუსით უახლოეს პერიოდში თავისი პროფესიით მუშაობას შეძლებს.
ცნობისთვის: 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და რუსულმა The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალზე მიუთითეს.
CNN–მა გერმანიის მთავრობას „უჩვეულო დუმილისთვის“ გააკრიტიკა.
„თავდაპირველად ხანგოშვილი გერმანიაში თითქოს უსაფრთხოდ იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას თავშესაფრის თხოვნაზე უარი სამჯერ უთხრეს.
სადღეისოდ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მისი მკვლელობა სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ აირჩია უჩვეულო დუმილის მდგომარეობა გერმანიის მთავრობამ ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც CNN–თან საუბრისას ხანგოშვილის მეუღლე მარინა ცატიევა აცხადებს, მკვლელობის შემდეგ გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ოჯახს არავინ დაკონტაქტებია.
„არავინ გამოსულა კონტაქტზე, რომ სამძიმარი ეთქვათ ან მოებოდიშებინათ ზელიმხანის არასათანადოდ დაცვის გამო. ზელიმხანი ითხოვდა დაცვას და ამაზე მას უარი უთხრეს გერმანიაში“, – აცხადებს ცატიევა.
გამოცემას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური ოფისში, ასევე გენერალური პროკურატურა კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრეს.
„ჩვენ არ განვიხილავთ ინდივიდუალურ საქმეებს“, – განუცხადეს გამოცემას ხსენებულ უწყებებში.