
ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს
21/11/2019 04:46:28 სხვა, მსოფლიო
დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მის კანდიდატურას პარტიის 491 დელეგატმა დაუჭირა მხარი.
დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი დეკემბრიდან შეუდგება. სწორედ ამ დროს მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ვადა ამოეწურება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტუსკს ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი შეცვლის.
დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ პოლონელი პოლიტიკოსი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ იყრიდა კენჭს.
„ევროპის სახალხო პარტია“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპარლამენტში უმსხვილეს პარტიას წარმოადგენს. თუმცა ბოლო არჩევნების შედეგებით, მან 35 ადგილი დაკარგა.