"რადიო თავისუფლება": რას იტყვის ევროკომისია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ზეპირ მოხსენებაში
20/06/2023 12:24:58 პოლიტიკა
"რადიო თავისუფლების" წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში საუბარი იქნება 12-დან 3 რეკომენდაციის სრულად შესრულების საკითხზე და რომ საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა (25%); 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%); 8 რეკომენდაციაზე კი "ნაწილობრივი პროგრესი" აქვს (67%).
3 სრულად შესრულებულ რეკომენდაციებში შედის:
- დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა;
- გენდერული თანასწორობა;
- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.
1 რეკომენდაცია, რომელზეც "არანაირი პროგრესი" არ არის, მედიის პლურალიზმია.
ხოლო 8 რეკომენდაცია, რომელზეც საქართველოს "ნაწილობრივი პროგრესი" აქვს, შემდეგია:
- დეოლიგარქიზაცია
- პოლიტიკური პოლარიზაცია;
- ინსტიტუციების დამოუკიდებლობა;
- ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ადამიანის უფლებების დაცვა;
- სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით: "არანაირი პროგრესი"; "ნაწილობრივი პროგრესი"; "კარგი პროგრესი" და "შესრულებული".
ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ახალ შეფასებას 21 ივნისს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე განიხილავენ.


