
მედიის ადვოკატირების კოალიცია: "დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეიწყალოს ნიკა გვარამია”
20/06/2023 11:50:26 საზოგადოება
მედიის ადვოკატირების კოალიცია "მთვავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
კოალიცია მიიჩნევს, რომ "ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, განაჩენი კი უსამართლო და დაუსაბუთებელი".
„მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება. არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
19 ივნისს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.