ასტანაში სირიის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, მათ შორის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით
20/06/2023 10:00:08 მსოფლიო
სამშაბათს, 20 ივნისს ყაზახეთის დედაქალაქში სტარსტი აიღო სირიის საკითხზე შექმნილმა ე.წ. „ასტანის ფორმატის“ მეოცე რაუნდმა.
ასტანაში მოლაპარაკებები ე.წ. გარანტორი ქვეყნების ტექნიკური ჯგუფების (თურქეთი, ირანი, რუსეთი) ორმხრივი შეხვედრებით დაიწყო.
სირიის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობს, ირანისას – საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ალი ასკარ ჰაჯი, თურქეთისას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბურაქ აქჩაფარი.
გარდა ამისა, დამასკოს დისკუსიებზე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აიმან სუზანი, სირიის ოპოზიციას – აჰმედ ტუმა, გაერო-ს – გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში გეირ პედერსენი. ყაზახეთში დამკვირვებლების სტატუსით მიწვეულნი არიან იორდანიის, ერაყისა და ლიბანის წარმომადგენლები.
წინასწარი ცნობებით, ორდღიანი დისკუსიის ფარგლებში იმსჯელებენ სირიაში და მთლიანად რეგიონში არსებულ ვითარებაზე. დისკუსიების დღის წესრიგში შედის ტერორიზმთან ბრძოლის, ტყვეთა გაცვლის, დაკარგულების ძებნის, ნდობის ამაღლების ნაბიჯები და სირიელი ლტოლვილების დასაბრუნებლად პირობების შექმნა. დისკუსიის ფარგლებში ასევე იგეგმება კონსულტაციების გამართვა ანკარასა და დამასკოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და ამ მიმართულებით საგზაო რუქის ფორმირების თაობაზე.


