რუსეთში მარჩენალდაკარგულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა
20/06/2023 07:44:49 მსოფლიო
გასული წლის განმავლობაში რუსეთში მარჩენალის დაკარგვისთვის პენსიის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2021 წელთან შედარებით, ასეთი პენსიის 9000-ით მეტი მიმღებია, – იტყობინება გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი", რომელმაც შეისწავლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერების რაოდენობის შესახებ.
მარჩენალთა სიკვდილიანობის ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ტუვაში, სადაც პენსიის მიმღებთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 403%-ით გაიზარდა. მაღალი ზრდა შეინიშნება ასევე ალთაის რესპუბლიკაში (76%) და ბურიატიაში (72%).
2021 წელს პენსიის მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 300 ადამიანით გაიზარდა, დაახლოებით იგივე მაჩვენებელი ნარჩუნდებოდა 2016 წლიდან. მაგრამ 2022 წელს კიდევ 9000-მა ადამიანმა დაიწყო პენსიის მიღება, თითქმის ყველა მათგანმა მარჩენალი უკრაინის ომში დაკარგა.
რუსეთის შვიდ რეგიონში 2022 წელს პენსიის მიმღებთა ზრდამ 2021 წელთან შედარებით 50%-ს გადააჭარბა, მათ შორის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში (56%). ფედერალურ ოლქებს შორის ყველაზე მაღალი ზრდაა შორეულ აღმოსავლეთსა და ურალში, ყველაზე დაბალი - ცენტრალური, ციმბირის, ჩრდილო-დასავლეთის ფედერალურ ოლქებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში.
თუმცა, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მარჩენალდაკარგულთა რეალური რაოდენობა უცნობია, რადგან აღნინული სტატისტიკა მხოლოდ იმ ნათესავებს მოიცავს, რომლებმაც შეძლეს ყველა ბიუროკრატიული ინსტანციის გავლა და პენსიაზე განაცხადის გაკეთება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა რაოდენობას არ ასაჯაროებს.
ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ შშმ პირთა ფედერალურ რეესტრში დარეგისტრირებული რუსების რაოდენობის ზრდას. "ვაჟნიე ისტორიის" დაანგარიშებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის მაისამდე უკრაინაში ომის 4,5 ათას მონაწილეს შეეძლო სამხედრო ინვალიდობისთვის განაცხადის შეტანა. თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ მონაცემები არ მოიცავს ყველა ადამიანს, ვინც ომში დაშავდა.


