Accentnews.ge
Reuters: უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა

Reuters: უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა

20/06/2023 06:18:29 მსოფლიო

უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა, – იუწყება Reuters ევროკომისიის შუალედურ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება.

გამოცემის ცნობით, მისი წყარო ევროკავშირის სამი ინფორმირებული წარმომადგენელია. ორი მათგანის ცნობით, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. როგორც Reuters-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, შუალედური ანგარიში ზომიერად პოზიტიურია. სააგენტოს მესამე წყაროს თქმით, უკრაინის სასამართლო სისტემაში გარკვეული პროგრესია, თუმცა ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები.

როგორც Reuters წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას სიმბოლური ჟესტი გაუკეთა და წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინამ უნდა შეასრულოს 7 პირობა, მათ შორისაა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დეკემბერში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას წევრობის საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს. ახალ ანგარიშს ჯერ 21 ივნისს ბრიუსელში გააცნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S