ატლანტის ოკეანეში„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა
20/06/2023 06:04:03 მსოფლიო
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები და რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები.
კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი, მათ შორის ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი 59 წლის ჰამიშ ჰარდინგი იმყოფება.
წყალქვეშა ნავი 18 ივნისს კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა ნავს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს.
ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია იწყება კანადის ნიუფაუნდლენდიდან და გრძელდება უშუალოდ კატასტროფის რაიონში, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 250 000 დოლარია.
.


