ჰოჯესი – უკრაინის კონტრშეტევაზე: ეს პირველადი ფაზაა, შეიარაღებული ძალების 10%-ია ჩართული
19/06/2023 18:40:00 მსოფლიო
აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე დაიწყო, თუმცა ეს მხოლოდ პირველადი ფაზაა და ქვეყანა მთავარ შეტევაზე ჯერ არ გადასულა.
როგორც ჰოჯესმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში აღნიშნა, უკრაინის კონტრშეტევის პირველად ფაზაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხოლოდ 10%-ია ჩართული.
"შემდეგ კვირებში ძალიან დაძაბულ ბრძოლებს ვიხილავთ. ვფიქრობ, რომ [ზაფხულში ომში გარდატეხა იქნება] თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უზრუნველყოფს იმით, რაც მათ სჭირდებათ. ვსაუბრობ შორი დისტანციის ზუსტ იარაღზე. სამწუხაროდ, აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს შეყოვნებას და არ აძლევს უკრაინას ამ იარაღს, უკრაინა კი მიიწევს წინ. ვსაუბრობ "ატაკამების" ტიპის იარაღზე. რომელსაც შეუძლია, თავდასხმა განახორციელოს რუსულ ბაზებზე ყირიმში. პირველ რიგში, უკრაინამ იცის, რომ დაცული და უსაფრთხო არ იქნება მანამ, სანამ რუსეთი ყირიმის ოკუპაციას ახდენს. რუსეთი ელოდება სანამ დავკარგავთ ინტერესს და შემდეგ ისევ დაარტყამს უკრაინას. უკრაინელებმა ეს იციან, ისინი არ უნდა შეჩერდნენ სანამ ყირიმი არ გათავისუფლდება. უკრაინამ იცის, რომ ვერ ააღორძინებს საკუთარ ეკონომიკას მაშინ, როცა ხდება ყირიმის ოკუპაცია. ეს არა მხოლოდ გადარჩენის მომენტია, არამედ ეკონომიკის აღდგენის საკითხიცაა. კონტრშეტევა დაიწყო 2 კვირის წინ. მაგრამ არის განსხვავება კონტრშეტევასა და მთავარ დარტყმას შორის. მთავარ დარტყმას ჯერ ვერ ვხედავთ. ამას დავინახავთ, როცა 500-700 ჯავშნიანი მანქანა მოვა მოქმედებაში, მაშინ ჩემი აზრით, დაიწყება ძირითადი კონტრშეტევა", - განაცხადა, ტელეარხის ცნობით, ბენ ჰოჯესმა.


