Accentnews.ge
ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და პარლამენტის წინ აქციას მართავენ

ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და პარლამენტის წინ აქციას მართავენ

19/06/2023 13:36:44 საზოგადოება

რამდენიმე ათეული გაფიცული მაღაროელი ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა აქვთ ტრანსპარანტები: „ამოკერილი თვალითაც გხედავთ", „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს".

მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სწორედ პირი და თვალები ამოიკერეს.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მათი პრობლემა გასცდეს ჭიათურის ფარგლებს. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან დედაქალაქში და გააგრძელებენ შიმშილობას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტარიელ მიქაცაძემ. როგორც მან განაცხადა, გაფიცული მაღაროელები არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან.

„ჭიათურის ტკივილი ჩამოვიტანეთ აქ. სამწუხაროდ, ანალოგიურ პრობლემებს განიცდიან თბილისის და სხვა ქალაქების დასაქმებულები. ჩვენ ვართ მშრომელი ხალხი, აქ გაჭირვებამ ჩამოგვიყვანა. სწორად გამიგეთ ყველამ, ჩვენ ვერ მივეკუთვნებით ვერც ერთ პარტიას. მე მიჭირდა ამის თქმა და მადლობა, რომ გამიგეთ. ჩვენ ჩვენი ტკივილის მოსაგვარებლად ჩამოვედით, დასვენების დრო არ გვაქვს, ვერ მოვისვენებთ. ამის უფლებას ის ხალხი არ მოგვცემს, რომელიც თვალ და პირამოკერილი გველოდებიან. ჩვენ ვერ ავითქვიფებით პოლიტიკურ და ოპოზიციურ წრეებში, ვერ გამოვადგებით", – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ თანამშრომლების მხრიდან ახლა ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. იგი თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. კომპანიის პრესკონფერენცია გაიმართა "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისში, რომელიც "კინგ დევიდის" კომპლექსში მდებარეობს.

"თანხმობას და მზაობას ვაცხადებთ, ხელფასების მატება მიბმული იყოს გარკვეულ სამომავლო ფინანსურ შედეგებზე, როდესაც დაიდება, დადასტურდება ჩვენი ზარალიანობის... რაღაცაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ან დღეს გვაქვს თუ არა საშუალება გადავიხადოთ (ეს დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ ნახოს), ან შევთანხმდეთ, რომ ხვალ რომ მე მექნება, შემდეგ მოვუმატოთ", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის ზარალი დაახლოებით 12 მილიონია, თანამშრომლებისთვის ხელფასის კიდევ 15%–ით გაზრდა კი გულისხმობს დამატებით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას. მაღაროელები თავდაპირველად ხელფასის 20 %–ით გაზრდას მოითხოვდნენ, კომპანია ხელფასის მხოლოდ 5 %ით მომატებას დასთანხმდა.

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S