
კობახიძე: "საუბარია, რომ არა სამარცხვინო, არამედ სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული"
19/06/2023 09:19:46 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ჯაშის ფილმს "მოთვინიერება" "სამარცხვინოს" უწოდებს. მისი თქმით, ფილმს კინოცენტრში განვითარებული მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„სალომე ჯაშის ფილმზე შემიძლია, გითხრათ, რომ ის სამარცხვინოა. საკადრო ცვლილებებთან ამ ფილმის გადაღება არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს არის სამარცხვინო ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით რეჟისორმა გადაიღო. დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო. ეს პარკი ყველასთვის ხელმისაწვდომია და როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, ეს სამარცხვინოა. ეს არის რეჟისორის პასუხისმგებლობა. კინოცენტრის დაფინანსებული ფილმი შეიძლება იყოს პოლიტიკურად სენსიტიური და კრიტიკული, მაგრამ აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება. აქ საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული. ყველანირი შეიძლება იყოს ფილმი, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებასთან კაშირი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვი: სალომე ჯაშის „მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღს ეხება, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს. საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით 2022 წლის აპრილში თბილისში ფილმის ჩვენებები, რომლებიც კინოს სახლში იყო დაგეგმილი, გაუქმდა. რეჟისორ სალომე ჯაშის თქმით, ამის მიზეზი ფილმის შინაარსი იყო.