
დღეს თბილისში ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება
19/06/2023 07:01:45 საზოგადოება
დღეს 21:00 საათზე თბილისში, პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ინფორმაციას მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს.
"10 ადამიანი, რომელიც უკვე 13 დღეა შიმშილობს. მათ გვერდით სხვა მაღაროელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, პირი და თვალები ამოიკერეს.
შეუძლებელია, ვუყურებდეთ პროტესტის ასეთ მწვავე ფორმებს და ამ პროცესში ჯორჯიან მანგანეზისა და ხელისუფლების პოზიციებსა და ქმედებს რაიმე გამართლებას ვუძებნიდეთ.
დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ადამიანები უბრალოდ არსებობისთვის ითხოვენ შველას.
ხელისუფლება, რომელმაც თავად გადასცა კერძო კომპანიას ხალხის საკუთრება, ვალდებულია ხალხის, დასაქმებულთა ინტერესებს იცავდეს.
ამის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ "მედიატორის" როლში გვევლინება, ხოლო ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისგან დამცინავ პასუხს ვისმენთ, რომ პროტესტის მონაწილეების ყველა მოთხოვნას იზიარებენ, გარდა ანაზღაურების ზრდისა და სამუშაო საათების შემცირებისა.
სწორედ ეს არის მაღაროელების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის ზრდა და 12 საათიანი სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირება!
ეს პრობლემები დღეს მათთვის რეალურია და დაუშვებელია მაღაროელების პროტესტის გაუფასურება რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის პრიზმიდან.
დღეს, 19 ივნისს პარლამენტის წინ მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს! სირცხვილი ჯორჯიან მანგანეზს! სირცხვილი ხელისუფლებას!", - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში მიდის.
გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიის მათ მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს და არ ზრდის ხელფასს.
ერთ-ერთმა მაღაროელმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ 40-მდე ადამიანი 13:00 სთ–ზე ჭიათურიდან თბილისში გაემგზავრება.
"ხელფასების მატება - მთავარი რაც იყო, იმას არ შეეხნენ, დანარჩენს ნაწილობრივ შეეხნენ. ხელფასი თითოეული მაღაროელის ტკივილია, გაჭირვებაა. მაღაროელები ისეთ საქმეს ასრულებენ, გმირები არიან და ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს. ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - ამბობს კიდევ ერთი გაფიცული მაღაროელი გიორგი კუპატაძე.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს "ჯორჯიან მანგანეზი" გარკვეულ დათმობაზე წავიდა. კერძოდ, კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, ძველი სამუშაო გრაფიკით მუშაობას თანხმდება. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული,18 ივნისს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს:
- 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
- პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
- კომპანიაში აუდიტის ჩატარება.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება
- ულუფის გაუმჯობესება
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.