Accentnews.ge
მაღაროელები თბილისში აქციებს აანონსებენ: "მთავარი არ შესრულდა, დაგვცინიან"

მაღაროელები თბილისში აქციებს აანონსებენ: "მთავარი არ შესრულდა, დაგვცინიან"

19/06/2023 06:57:18 საზოგადოება

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში მიდის. გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიის მათ მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს და არ ზრდის ხელფასს.

ერთ-ერთმა მაღაროელმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ 40-მდე ადამიანი 13:00 სთ–ზე ჭიათურიდან თბილისში გაემგზავრება.

"ხელფასების მატება - მთავარი რაც იყო, იმას არ შეეხნენ, დანარჩენს ნაწილობრივ შეეხნენ. ხელფასი თითოეული მაღაროელის ტკივილია, გაჭირვებაა. მაღაროელები ისეთ საქმეს ასრულებენ, გმირები არიან და ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს. ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - ამბობს კიდევ ერთი გაფიცული მაღაროელი გიორგი კუპატაძე.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს "ჯორჯიან მანგანეზი" გარკვეულ დათმობაზე წავიდა. კერძოდ, კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, ძველი სამუშაო გრაფიკით მუშაობას თანხმდება. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული,18 ივნისს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს:

  • 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
  • პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
  • კომპანიაში აუდიტის ჩატარება.

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება
  • ულუფის გაუმჯობესება
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S