Accentnews.ge
ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიებას აპროტესტებს

ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიებას აპროტესტებს

18/06/2023 09:48:28 საზოგადოება

მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიებას აპროტესტებს.

როგორც ვატო შაქარიშვილმა „კოკა-კოლას“ ქარხანასთან, სადაც “ფრანკლინის კლუბის” ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია იმართება, განაცხადა, ტერიტორიაზე მივიდნენ იმის სათქმელად, რომ "ფრანკლინის კლუბი" არის "მავნებლური და ტერორისტული" ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება "ქვეყნის გარედან, რათა ახალგაზრდები და ბავშვები გამოიყენონ პროვოკაციისთვის".

„დესტრუქციული ძალებისგან განსხვავებით ჩვენი პროტესტი ყოველთვის იქნება მშვიდობიანი. ჩვენ მოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველოში, ამ ქვეყანაში "ფრანკლინის კლუბი" არის მავნებლური ორგანიზაცია, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან და მიმართულია იმისკენ, რომ რამენაირად ახალგაზრდები და ბავშვები გამოიყენონ პროვოკაციისთვის, არეულობის მოსაწყობად და ეს ჩემი შეფასება რომ არ არის, ამას ადასტურებს 7-8 მარტის მოვლენები, როდესაც ოდიოზურად წოდებულმა პოლიტიკოსებმა, დამნაშავეებმა და ამ ქვეყნის მტრებმა, რომლებიც აქ მოწვეული ჰყავთ ე.წ. სპიკერებად, წაიყვანეს ეს ბავშვები პროვოკაციაზე, ასროლინეს "მოლოტოვის კოქტეილები", მოაწყვეს ქაოსი და არეულობა და მერე ეს ბავშვები მიატოვეს, თვითონ კი ტელევიზორებთან ისხდნენ, ხელებს იფშვნეტდნენ როდის შეეწირებოდა ვინმეს სიცოცხლე ამ მოვლენებს. ამ ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს ვერავინ ვერ აღასრულებს და რაც მთავარია, ვერ აღასრულებს ამას ბავშვების გამოყენებით. ჩვენ დავიცავთ ბავშვებს, დავიცავთ ლგბტ პროპაგანდისგანაც, რასაც მაკდონალდსი აკეთებს და რაზეც ბოდიშის მოხდაც არ უნდა თემურ ჭყონიას და დავიცავთ ამ ქვეყანას არეულობისგან, დესტაბილიზაციისგან და რევოლუციური სცენარებისგან“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს “კოკა-კოლას" ქარხნის შესასვლელიდან მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვეს.

„ფრანკლინის კლუბი“ ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი ბოლო თვეებში, განსაკუთრებით, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების შემდეგ, არაერთხელ გახდა.

„ფრანკლინის კლუბი“ ორი წლის წინ დაფუძნდა. როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ, კლუბის მიზანი განათლების გავრცელება, ახალგაზრდისთვის თავისუფლების, ლიბერალური ღირებულებების, ინდივიდუალიზმის სწავლებაა.

„ფრანკლინის კლუბის“ მიერ დაგეგმილი კონფერენციის გაპროტესტებამდე, 17 ივნისს ვატო შაქარიშვილის მოძრაობის წევრები ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ლექცია უნდა ჩაეტარებინა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურა ჯაფარიძეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბორჯომში ჩასვლამდე გორში თავს დაესხა მოქალაქე, ფიზიკურად გაუსწორდა მას და ჯაფარიძემ ლექციის ჩატარება ვეღარ შეძლო.

17 ივნისს ბორჯომში ჩასული ვატო შაქარაშვილის მოძრაობის წევრები სასტუმროს მიმართულებით ისროდნენ სავარაუდოდ ქვებს, კვერცხებს, იქ მყოფ ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა, ვატო შაქარიშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი თანამოაზრეები არ ძალადობდნენ.

"ბორჯომის სუფთა ჰაერს ჩრდილში, თუ დაგვაცდით, კარგი იქნება... არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები..." - ამბობდა 17 ივნისს ვატო შაქარიშვილი "TV პირველთან" საუბრისას.

მოძრაობა "აი იას" ლიდერი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც ორგანიზაცია გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობთან") ერთად დააფუძნა და იყო პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, 17 ივნისს "ფეისბუკში" ამ თავდასხმის დეტალებზე წერდა:

"გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S