თვითმფრინავს, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის შეიარაღებული დაცვა იმყოფებოდა ვარშავიდან რუსეთში გაფრენის უფლება არ მისცეს
17/06/2023 15:16:10 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას უსაფრთხოების პერსონალი და პრესის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფებოდა,ვერ მიიღო ვარშავიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრენის ნებართვა.
პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ მან დააკავა თვითმფრინავი, რადგან მცველები ცდილობდნენ 12 (სხვა წყაროების თანახმად, 13) ყუთი იარაღის გადატვირთვას. შედეგად, პოლონელმა მებაჟეებმა დაცვის წევრებს თვითმფრინავის დატოვების საშუალება არავის მისცეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე იყო საშიში მასალები, რომელთა იმპორტისთვის სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს ნებართვა არ ჰქონდათ. რა სახის მასალები იყო ისინი არ არის მითითებული.
სამხრეთ აფრიკული პორტალის News24-ის ინფორმაციით, ლაინერი ვარშავაში 15 ივნისს ჩაფრინდა. ის აეროპორტში ერთ დღეზე მეტ ხანს იყო დაბლოკილი, რის შემდეგაც პრეტორიაში დაბრუნება მოუწია. ბორტზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ სასტუმროში მისვლა თვითმფრინავის დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლეს.
რამაფოსა ვარშავაში ცალკე თვითმფრინავით ჩავიდა. მისი გარემოცვის წევრების ვარაუდობდნენ, რომ რამაფოსას მცველები სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჩასვლამდე კიევსა და პეტერბურგში წავიდოდნენ და იქ უზრუნველყოფდნენ მის უსაფრთხოებას.
სირილ რამაფოსა, აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის ფარგლებში, 16 ივნისს უკრაინაში იმყოფებოდა, დღეს კი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც აფრიკის ქვეყნების - ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
ცნობისთვის: კიევმა აფრიკის ე.წ სამშვიდობო გეგმა უარყო. აფრიკული ქვეყნების "სამშვიდობო გეგმაში" არ აღმოჩნდა პუნქტი უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ. საკვანძო ფორმულირებები, რომლებიც აფრიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ გააჟღერა, შეიცავს მოწოდებებს დაუყოვნებლივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და "ორივე მხრიდან დე ესკალაციის შესახებ".
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა.
"ეს ომს ვერ შეაჩერებს. დავუშვათ რუსეთთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები დღეს, როცა ოკუპანტი ჩვენს მიწაზე დგას - ნიშნავს, გავყინოთ ომი, ტკივილი და ტანჯვა. ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა და მაშასადამე, რუსული ჯარის რეალური გაყვანა მთელი ჩვენი დამოუკიდებელი მიწიდან" - განაცხადა აფრიკული ქვეყნების კავშირის ლიდერების დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ.
ამასთან, მან დელეგაციის წევრები მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია და მოუწოდა, მშვიდობის უკრაინულ ფორმულას დაუჭირონ მხარი.


