
ომბუდსმენი ჯაფარიძესა და ბანაკში მყოფ ადამიანებზე "აგრესიული ჯგუფების თავდასხმას" გმობს
17/06/2023 12:14:37 საზოგადოება
"საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას", - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამავე განცხადების თანახმად, ომბუდსმენი ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ. იგი ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში ლექციის ჩასატარებლად მიდიოდა. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც მიიჭრნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, სავარაუდოდ საღებავებს და ქვებს ისვრიან ბანაკის მიმართულებით.
მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი და ამავდროულად მომღერალ გია გაჩეჩილაძის (იგივე "უცნობის") თანამოაზრე, ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ ბორჯომში, ბანაკში მათი მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. შაქარიშვილი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა.