ისრაელი პუტინს ზელენსკის შესახებ განცხადების გამო აკრიტიკებს
17/06/2023 11:43:59 მსოფლიო
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრად გააკრიტიკეს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები უკრაინელი ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ. გუშინ, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს "ებრაელი ხალხის სირცხვილი" უწოდა (ვითომდა ასე განუცხადეს ებრაელმა მეგობრებმა, რომლებიც პუტინს არ დაუსახელებია).
უკრაინის მთავარმა რაბინმა მოშე რუვენ ასმანმა განაცხადა, რომ ამაყობს ზელენსკით, რომელიც ომის დასაწყისში მისი სიცოცხლისათვის საფრთხის მიუხედავად ქვეყნიდან არ გაქცეულა.
"მე და უკრაინის მთელი ებრაული საზოგადოება, ისევე როგორც მთელი თავისუფალი სამყარო, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის", - ციტირებს რაბინს Ukraine Now.
უფლებადამცველმა და Babyn Yar კომპლექსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნატან შარანსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, იამაყონ ებრაელი პრეზიდენტით, რომელიც ისტორიულ როლს ასრულებს ქვეყნის მომავლის დაცვაში.
თავის მხრივ, უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენი კორნიიჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ისრაელის მთავრობის მხრიდან პუტინის დაგმობას ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზელენსკის მეუღლის ვიზიტი ისრაელში, რომელიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, გადაიდება ან გაუქმდება. დიპლომატმა რუსეთის პრეზიდენტის კომენტარებს ანტისემიტური და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული უწოდა.


