
ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
16/06/2023 10:41:56 საზოგადოება
ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ გაშლილ კარავში მოშიმშილე 10 მაღაროელს შეუერთდა.
ისინი მეხუთე დღეა, შიმშილობენ. მოშიმშილეთა მდგომარებას ექიმები აკვირდებიან.
მეთერთმეტე დღეა, ჭიათურაში დაწყებული პროტესტის გამო მაღაროები გაჩერებულია. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდის გარდა მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება
- ულუფის გაუმჯობესება
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" 15 ივნისს განაცხადეს, რომ მედიატორთან შეხვედრის შემდეგ ისინი ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. კომპანია ასევე მზაობას გამოხატავს მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანახმაა, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.