Accentnews.ge
ლანა ღოღობერიძე: ხელოვნების არსებობის არსი მის თავისუფლებაშია, საბჭოთა დროსაც კი ჩვენ ამას როგორღაც ვახერხებდით, არ შეიძლება, კინო წნეხის ქვეშ კვლავ მოექცეს

ლანა ღოღობერიძე: ხელოვნების არსებობის არსი მის თავისუფლებაშია, საბჭოთა დროსაც კი ჩვენ ამას როგორღაც ვახერხებდით, არ შეიძლება, კინო წნეხის ქვეშ კვლავ მოექცეს

16/06/2023 10:07:02 საზოგადოება

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია კინოცენტრის დირექტორი ხელისუფლების მიერ დაინიშნოს.

"მთავარია პრინციპი, რომ არ შეიძლება, კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს ხელისუფლების მიერ. ეს არის ამოსავალი წერტილი კინოს არსებობის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ა.შ. როდესაც კინემატოგრაფების გუნდი ვფიქრობდით, როგორ უნდა დაგვეარსებინა ცენტრი და როგორ უნდა მომხდარიყო კინოს მართვა, თავდაპირველი პრინციპი იყო, რომ დირექტორი აუცილებლად უნდა ყოფილიყო არჩეული ორი წლით. იგი უნდა აერჩიათ კინემატოგრაფისტებს და კინოსთან არსებულ სხვა ხელოვნების წარმომადგენლების. ამდენად ის იქნებოდა ვალდებული ამ ხალხის წინაშე, ანუ კინოსაზოგადოების წინაშე და არა ზოგადად ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი პრინციპი", – აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულასთან" საუბრისას ღოღობერიძე.

მისი თქმით, ხელოვნების არსებობის არსი სწორედ მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაშია:

"საბჭოთა დროსაც კი ჩვენ ამას როგორღაც ვახერხებდით. იდეოლოგიური წნეხის გარღვევას ყველანაირი ხერხებით ვცდილობდით. სპეციალური კინო ენაც კი მოვიგონეთ, სადაც ნაკლები ლაპარაკი იყო, იმიტომ, რომ ადვილია ცენზურა სიტყვით და ბევრად უფრო რთულია გამოსახულებით. ახლა დამოუკიდებელ საქართველოში, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ ქვეყანაში, არ შეიძლება, კინო ისევ წნეხის ქვეშ მოექცეს ხელისუფლების მხრიდან".

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი "პოსტ ტვ"-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S