
ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორფოლის პოლიგონზე მეხი დაეცა, მძიმეა
16/06/2023 07:56:54 საზოგადოება
ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორფოლის პოლიგონზე მეხი დაეცა, მძიმეა. ჯარისკაცი უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გუშინ ღამით, გადმოყვანილი იქნა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან რეანომობილით. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე, ქვემო კიდურებზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.
15 ივნისს ახალციხეში, ორფოლის პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.