
ბელგოროდის მოსახლეობა – ოლქის გუბერნატორს: ჩვენი სიცოცხლის დასაცავად გაგზავნილი რუსი სამხედროები, ჩვენს სახლებს ძარცვავენ
16/06/2023 06:40:52 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქის მოსახლეობა რუსს ჯარისკაცებს სახლების ძარცვაში ადანაშაულებენ.
"ჩვენი სიცოცხლის დასაცავად გაგზავნილი რუსი სამხედროები, ჩვენს სახლებს ძარცვავენ", – ნათქვამია "პოსტში", რომელიც სოფლის ნოვაია ტავოლჟანკას ერთ–ერთმა მკვიდრმა რეგიონის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვს სოციალურ ქსელ VK–ში პირად გვერდზე მისწერა.
- ”რუსი სამხედროები ბევრ სახლს არბევენ. ისინი ცხოვრობენ ჩვენს სახლებში, ეწევიან მახინჯ ცხოვრების წესს, ალკოჰოლური სასმელების ბოთლებითა და სხვა ნივთებით ანაგვიანებენ ჩვენს სახლებს. ბინძურდება ტუალეტები და სახლები, ისინი იპარავენ პირად ნივთებსა და ჩვენს ქონებას. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი სახლები, რომლებიც უკვე დაზარალებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებით, ახლა ჩვენი დამცველების აღვირახსნილი ცხოვრების ადგილად იქცეს", – წერს მოქალაქე ნატალია ჩემერჩენკო.
ჩემერჩენკოს საპასუხოდ, ბელგოროდის ოლქის შებეკინსკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჟდანოვმა დაწერა, რომ "ნატალია ჩემერჩენკოს საჩივარი უშიშროების საბჭოს გადაეცა".
კიდევ ერთი კომენტარში, რომელიც გლადკოვს მისწერეს, ადგილობრივი რუს ჯარისკაცებს ვანდალიზმში ადანაშაულებს.
- "შეამტვრიეს კარები და შეიჭრნენ ჩემს სახლში, დამტვრეულია ფანჯრები, ავეჯი", – წერს დანილ ბილიჩი.
გუბერნატორისთვის მიწერილ სხვა კომენტარებში ყურადღება გამახვილებული იყო სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობაზე, რომელსაც ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება ევაკუირებულებს დაჰპირდა.
უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის რიგი სოფლიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“ საზღვრისპირა რეიდები დაიწყეს. ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა მათ აიღეს. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „რუსეთის თავისუფლების“ წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს. მათ 22 მაისს განაცხადეს, რომ "გაათავისუფლეს" ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.