უკრაინა Leopard-ებს ესპანეთისგანაც მიიღებს
16/06/2023 05:49:07 მსოფლიო
ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 საბრძოლო ჯავშანმანქანასა და Leopard–ს ტიპის 4 ტანკს გადასცემს. ამ ტიპის ტანკები უკრაინის არმიას უკვე გაუგზავნა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და კანადამ.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკას 19 ივნისს ჩაიტანენ პოლონეთში, საიდანაც უკრაინაში გაგზავნიან. მანამდე ესპანეთმა უკრაინას 40 საბრძოლო ჯავშანმანქანა და ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Hawk გადასცა.
დამატებითი სამხედრო დახმარების გადაწყვეტილება ესპანეთმა 15 ივნისს გამოაცხადა ბრიუსელში, უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მე-13 სხდომაზე. ეს ფორმატი რამშტაინის სახელითაა ცნობილი, რადგან 2022 წელს, პირველი შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. საკონტაქტო ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ამასთან, 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს, მათ შორის ასეულობით რაკეტას გადასცემენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია.
გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მორიგი „რამშტაინი" საკმაოდ შედეგიანი იყო და კიდევ უფრო ძლიერდებიან.


