ევროპარლამენტი ნატო–ს მოუწოდებს, უკრაინა ალიანსში რაც შეიძლება მალე მიიღოს
15/06/2023 14:22:01 მსოფლიო
დღეს ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს პუნქტს, რომელიც მოუწოდებს ნატო–ს ომის დასრულების შემდეგ დაიწყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მიღების პროცესი და ეს სწრაფად განახორციელოს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ვიდრე უკრაინა სრულ წევრობას მოიპოვებს, მისმა მოკავშირეებმა - ევროკავშირმა, ნატო–მ და სხვა პარტნიორებმა კიევთან ერთად უნდა შექმნან უსაფრთხოების დროებითი გარანტიის მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა დაინერგოს.
რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 38 იყო, 42-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარებმა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისია მალე დადებით დასკვნას გამოიტანს უკრაინის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის გათვალისწინებული შვიდი რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების წელს დაწყება გახდება შესაძლებელი.


