
რეესტრმა კეზერაშვილს "ფორმულას" 25%-ის ტელარხის თანამშრომლებისთვის გადაცემაზე უარი განუცხადა
15/06/2023 12:23:16 საზოგადოება
საქართველოს საჯარო რეესტრმა "ფორმულაში" ცვლილებების გატარებაზე საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს უარი კიდევ ერთხელ განუცხადა. მიზეზი კვლავ ვადაგასული ქართული პირადობის მოწმობაა.
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით დავით კეზერაშვილს არ უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (სტატუსი გაუქმებულია - დოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია)", - წერია საჯარო რეესტრის მიერ 12 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლითაც შეჩერებულია "ფორმულაში" წილების მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანის პროცესი.
ტელეკომპანიის 25%–იანი წილის "თავისუფლების ფორმულისთვის" (თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის) გადაცემაზე მოთხოვნა არხის დირექტორის სახელით საჯარო რეესტრში 9 ივნისს შევიდა. ამ განაცხადს თან ერთოდა დავით კეზერაშვილის კუთვნილი 51%–იანი წილიდან ნახევრის თანამშრომლებისთვის გადასაცემად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი. დავით კეზერაშვილის ნაცვლად, დოკუმენტებს ხელს აწერდა მისი მინდობილი პირი სოფიო ბრიტანჩუკი, რომელიც ამავდროულად არის არხის დირექტორის მოადგილე.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩადებულია განსაკუთრებული პირობა: "თავისუფლების ფორმულას" აეკრძალოს "ფორმულას" ყველა არსებული პარტნიორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გაასხვისოს, გადასცეს, დააგირაოს ან რაიმე უფლებით დატვირთოს "ფორმულაში" წილი. ეს შეზღუდვა მოქმედებს უვადოდ".
ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის ნახევრის დათმობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით: “თაღლითობის გლობალური ქსელი”. მასში საუბარი იყო ამ სქემასთან დავით კეზერაშვილის შესაძლო კავშირებზე.