რუსეთში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასამართლო პროცესი დაიწყო
15/06/2023 08:51:49 მსოფლიო
რუსეთში ტყვედ ჩავარდნილი 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის სასამართლო პროცესები დაიწყო, –იუწყება Associated Press.
ჯარისკაცები იყვნენ უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკის წევრები, რომლებიც მარიუპოლში რუსული ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათ ბრალი „ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში“ ედებათ.
სულ ბრალი 24 ადამიანს წაუყენეს, მაგრამ ორი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. ბრალდებულთა შორის რვა ქალია, რომლებიც უკრაინელი სამხედროებისთვის საკვებს ამზადებდნენ. მომდევნო სასამართლო პროცესი 28 ივნისს გაიმართება.
2022 წლის აგვისტოში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქვეყნის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა უკრაინული "აზოვის" პოლკის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარების და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ.
სწორედ "აზოვის" წევრებმა გაუწიეს წინააღმდეგობა რუსეთის ჯარებს მარიუპოლში, რომელიც ალყაში იყო ფაქტობრივად ომის დაწყების პირველი დღიდან.
2022 წლის 20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანა დაიკავა. მათივე ცნობით, "ჩაბარდა" 2439 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შემდგომში რამდენიმე ათეული რუს ტყვეებში გაცვალეს.


