
განათლების სამინისტროში "კვლევების ცენტრი" შეიქმნა, რომელსაც მაია მიმინოშვილი უხელმძღვანელებს
15/06/2023 08:34:15 საზოგადოება
საქართველოს განათლების სამინისტროში "საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი" შეიქმნა, რომელსაც ამავე სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მაია მიმინოშვილი უხელმძღვალებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, დირექტორის დანიშვნა მინისტრის უფლებამოსილებაა.
"ცენტრი უზრუნველყოფს განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევის ხელშეწყობას, შეფასებას და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს სთავაზობს სისტემურად ორგანიზებულ ცოდნას არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის განვითარების/მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ცენტრი სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემურ მხარდაჭერას", - აღნიშნულია განათლების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებაში.
ცენტრის შექმნის შემდეგ განათლების მინისტრი შეიცვალა - მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვარი დაინიშნა. ცეტრის ფუნქციებსა და შეცვლილი მინისტრის პირობებში სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ახალი უწყების დირექტორს, მაია მიმინოშვილმა საუბარი არ ისურვა.
მაია მიმინოშვილი წლების განმავლობაში იყო განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფალა თანამდებობიდან, "ქართულმა ოცნებამ" კი უკან დააბრუნა. წლების შემდეგ, 2018 წელს მიმინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ხელმძღვანელის თანამდებობიდან კიდევ ერთხელ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაათავისუფლა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ მას უნდა გადაემზადებინა მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" წევრები. მიმდინარე წლის ივნისში შევსებული დეკლარაციით კი ირკვევა, რომ 2022 წელს მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის მრჩევლად.