ავსტრალიამ გააუქმა საიჯარო ხელშეკრულება ადგილზე, სადაც რუსეთი საელჩოს აშენებას გეგმავდა
15/06/2023 08:29:17 მსოფლიო
ავსტრალიის ხელისუფლება გეგმავს, კანონით აკრძალოს რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობა კანბერაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,– იუწყება Brisbane Times.
როგორც ავსტრალიის პრემიერ–მინისტრმა ენტონი ალბანესმა განაცხადა, მთავრობამ უსაფრთხოების კონტექსტში ძალიან მკაფიო რჩევა მიიღო "რისკის შესახებ, რომელსაც წარმოშობს ახალი რუსული ყოფნა პარლამენტთან ასე ახლოს".
ავსტრალიის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფად იქნა მიღებული გადაწყვეტილება იჯარის ხელშეკრულების ანულირების შესახებ, – თქვა ალბანიზმა და დასძინა, რომ „მთავრობა გმობს რუსეთის უკანონო და ამორალურ შეჭრას უკრაინაში“.
ავსტრალიის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება რუსეთის დიპლომატიური მისიის ყოფნის აკრძალვას ქვეყნის დედაქალაქში, არამედ მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე საელჩოს აშენებას.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთის საელჩოს მშენებლობის ადგილის შესახებ ჯერ კიდევ დამტკიცებას საჭიროებს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
2008 წელს რუსეთმა გააფორმა 99-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ავსტრალიის პარლამენტის შენობიდან ერთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზეა განთავსებული. იქ რუსეთს საელჩოს ახალი შენობა უნდა აეშენებინა, მაგრამ სამუშაოები არ დაწყებულა, რაც ეროვნული კაპიტალის სამშენებლო ორგანოს (NCA) საშუალებას აძლევდა, გამოეცა ბრძანება ადგილის დატოვების თაობაზე. სასამართლომ NCA-ს ქმედებები უკანონო ცნო, რის შემდეგაც, Brisbane Times-ის ცნობით, სიტუაციაში მთავრობა ჩაერთო.
ხსენებული ნაკვეთი ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გვერდით მდებარეობს. უკრაინაც დაინტერესდა ამ მიმართულებით.
მაისის შუა რიცხვებში ავსტრალიამ გამოაცხადა დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.


