
ნორვეგია დანიასთან თანამშრომლობით უკრაინას ათასობით საარტილერიო ჭურვს გადასცემს
15/06/2023 07:05:51 ევროპა
დანიამ და ნორვეგიამ ძალისხმევა გააერთიანეს უკრაინისთვის 9 000 ერთეული საარტილერიო ჭურვის გადასაცემად.
ამასთან, ნორვეგია უკრაინას 7000 ჭურვს გადასცემს საკუთარი მარაგებიდან. ისინი უკვე გაიგზავნა.
ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დანიამ უკრაინას კიდევ 1500 საარტილერიო ჭურვი და 500 ყუმბარა გადასცა. აპრილში დანიამ და ნორვეგიამ უკრაინას 8000 საარტილერიო ჭურვი გადასცეს.
"უკრაინას მყისიერად სჭირდება საარტილერიო საბრძოლო მასალა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ დანიას ახალი დახმარებისთვის, რათა უკრაინამ რაც შეიძლება მალე მიიღოს საბრძოლო მასალა", - ამბობს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი და დასძენს, "მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთად დგომა და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება".
"უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საბრძოლო მასალის გადაუდებელი საჭიროება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. დანია, ევროკავშირისა და ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულია სხვადასხვა ზომების შეთანხმების პროცესში. ნორვეგიასთან ერთად შეგვიძლია, გავგზავნოთ 9000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი მოკლე დროში“, - ამბობს დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტროელს ლუნდ პულსენი.
საარტილერიო ჭურვები შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე ტიპის არტილერიაში, მათ შორის M109-ში, რომელიც მანამდე ნორვეგიამ გადასცა უკრაინას.