"რუსული თვითმფრინავების სახიფათო ქცევის" გამო აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში F-22–ები განალაგა
15/06/2023 05:31:13 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში F-22 ტიპის ავიაგამანადგურებლები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მიზეზად "რუსული თვითმფრინავების სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევა" სახელდება.
„რუსული ძალების მიერ შეთანხმებული ზომების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათვლების რისკს. ჩვენ პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა გენერალმა მაიკლ კურილამ.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ F-22–ების სწრაფი განლაგება და კოალიციის ოპერაციებში ინტეგრაცია არის აშკარა დემონსტრირება, რომ პარტნიორები, მოკავშირეები და აშშ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ერთგულები არიან.


