
ჩხეიძე: კინოცენტრში ასეთი ნაბიჯებით, ალბათ, კინო წავა თემებისკენ, რაც მოსწონს მინისტრს
14/06/2023 12:20:37 საზოგადოება
კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს, შესაძლოა, "გამოუსწორებელი ამბები მოჰყვეს".
მისი თქმით, საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს კარგი საავტორო კინო და სფერო მინისტრის გემოვნებას დაექვემდებაროს.
ჩხეიძის თქმით, მოვლენათა ამგვარი განვითარება კულტურის მინისტრის ცვლილებით, შემდეგ კი კინოცენტრის დირექტორად კარლო სიხარულიძის დანიშვნით დაიწყო, ვისაც გაგა ჩხეიძე "არაკომპეტენტურსა და არაპროფესიონალს" უწოდებს.
"თუ დავაკვირდებით იმ განვითარებას, რაც დაიწყო 2 წლის წინ მინისტრის მოსვლით, ყველაფერი ლოგიკურია, იმიტომ რომ, როცა სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ადამიანი ინიშნება ხელმძღვანელის ადგილზე - მე ვგულისხმობ სიხარულიძის დანიშვნას შარშან - უკვე ამას შეიძლება მოჰყვეს გამოუსწორებელი ამბები და ამის მოწმე ვხდებით, ფაქტობრივად. ასეთი ნაბიჯებით, რომლებიც ახლა იდგმება კინოცენტრში, ჩვენ ალბათ, დავკარგავთ კარგ საავტორო კინოს, დავკარგავთ ექსპერიმენტულ მიმართულებას და ყველაფერი, ალბათ, უფრო კომერციისკენ წავა, წავა, რაღაც, წინასწარ მოფიქრებული ან განსაზღვრული თემებისკენ, რაც მოსწონს და ჯდება მინისტრის გემოვნებაში" - განაცხადა გაგა ჩხეიძემ "ფორმულასთან" ინტერვიუში.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო ისიც, რომ ის კინოცენტრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო მოხსნეს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი გაგა ჩხეიძისთვის მედლის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე.
კინოცენტრი აცხადებს, რომ ჩხეიძე კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან არა უკრაინის მხარდაჭერის, არამედ კულტურის შიდა აუდიტის დასკვნის გამო გაათავისუფლეს.
გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 2022 წლის 14 მარტს გაათავისუფლეს.