უკრაინა დუგინს გენოციდსა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში ადანაშაულებს
14/06/2023 11:53:03 მსოფლიო
უკრაინა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაცია „ევრაზიული მოძრაობის“ ხელმძღვანელს ალექსანდრ დუგინს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და გენოციდში ადანაშაულებს. იგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებითაა ეჭვმიტანილი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დუგინი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და უკრაინელი ხალხის გენოციდის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელიც ათ წელზე მეტია, მრავალრიცხოვან საჯარო გამოსვლებსა და პუბლიკაციებში უარყოფს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას და რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის მოწოდებები აქვს.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე დუგინი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საოკუპაციო ძალებს მხარი დაუჭირა, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულს ამართლებდა და უკრაინელების მასობრივ განადგურებას აქტიურად უწევდა პროპაგანდას.
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დუგინი მართლმსაჯულებას რუსეთის ტერიტორიაზე ემალება, პასუხისგებაში მის მისაცემად კომპლექსურ ზომებს მიმართავენ.
2022 წლის აგვისტოში მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში აფეთქდა ავტომანქანა, რომელსაც დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა მართავდა. მის მკვლელობაში რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა. კიევი ბრალდებას უარყოფს.


