
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა
14/06/2023 05:48:58 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ოდესაზერუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შავ ზღვაში მყოფი გემიდან ოდესას „კალიბრის" ტიპის 4 რაკეტა ესროლა.
სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსული რაკეტა მოხვდა ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობს, სადაც 3 თანამშრომელი დაიღუპა და 7 დაიჭრა. დანგრეულია 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. გარდა ამისა, საჰაერო ბრძოლის და აფეთქებების ტალღის შედეგად, ოდესის ცენტრში დაზიანდა ბიზნეს-ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 6 ადამიანი.
13 ივნისს რუსეთის თავდასხმამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში, სადაც რაკეტა 5-სართულიან სახლს მოხვდა. დღეს კრივოი როგში გლოვის დღეა.