
სახალხო დამცველი: ვაპირებ, 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში და შევხვდე მშრომელებს
13/06/2023 18:32:24 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს 15 ივნისს შეხვდება.
როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ჭიათურაში მაღაროელებს, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში.
„როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, პირველივე წუთებიდან ჩავერთეთ. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები ჭიათურაში. გუშინ ხელისუფლებას მოვუწოდე მედიატორი ჩასულიყო, იმიტომ რომ იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს. მე ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები. მე თვითონ ვიქნები 2 დღეში და შევხდები ამ ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის: ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მერვე დღეა, გრძელდება. მაღაროელთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.