პუტინი: "სპეცოპერაციის" მიზნები არ იცვლება
13/06/2023 16:11:52 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, კრემლის "სპეცოპერაციის" მიზნები არ იცვლება. ამის შესახებ მან სამხედრო ბლოგერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
კითხვაზე, იცვლება თუ არა ე.წ. სპეცოპერაციის მიზნები, პუტინმა თქვა, რომ "ისინი იცვლება გარემოებების გამო, მაგრამ ზოგადად უცვლელი რჩება". „დენაციფიკაციაზე“ საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თეზისები სტეპან ბანდერასა და უკრაინის ხელისუფლებაში თითქოს მოსული ნეონაცისტების შესახებ. პუტინმა ასევე გაიმეორა დასავლეთის მიმართ ბრალდებები და თქვა, რომ მან „მოძმე ერები“ წაჰკიდა ერთმანეთს.
პუტინმა გასული წლის 24 თებერვალს ტენდენციური ისტორიული და გეოპოლიტიკური არგუმენტების გამოყენებით ე. წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების თაობაზე განაცხადა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. ომი წელიწადზე მეტია, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში თუნდაც ყველაზე ფრთხილი შეფასებით, ორივე მხრიდან დაიღუპა ათიათასობით ჯარისკაცი, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთმა მოახერხა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია, რომლის ანექსია გამოაცხადა. უკრაინამ შეძლო რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება. ბოლო დღეებში უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს.


