
პრიგოჟინი: უკრაინის შეტევითი პოტენციალი ძალიან შორს არის ამოწურვისაგან
13/06/2023 14:25:30 მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების ამოწურვისაგან ძალიან შორს არის. ამის შესახებ მან დანიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ნებისმიერი შეტევა ისევე, როგორც მისი შედეგები, უნდა შეფასდეს მტრის შემტევი პოტენციალის ამოწურვის შემდეგ. რამდენადაც მე მესმის, უკრაინის შეტევითი პოტენციალი ძალიან შორს არის ამოწურვისაგან", - განაცხადა მან.
ამასთან, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა მისი ძალები უკრაინაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გამო დავის ფონზე.
11 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებდა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის ყველა მოხალისეთა ფორმირებებს უბრძანა, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები 1 ივლისამდე გააფორმონ. უწყების ცნობით, "ეს ნაბიჯი შექმნის ერთიან მიდგომებს ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ორგანიზებისა და მათ მიერ ამოცანების შესრულების მიმართ".
თავდაცვის სამინისტრო განცხადებებში მოხალისეებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა საიერიშო რაზმებს უწოდებს.
ცნობისთვის: კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. კომპანიის მებრძოლებს ბრალს სდებენ მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში.
შარშან ზაფხულში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ განცდილი რამდენიმე სამხედრო მარცხის შემდეგ „ვაგნერმა“ თავის რიგებში პატიმართა გაწვევა და ომში გაგზავნა დაიწყო. ამ პროცესის შედეგად „ვაგნერში“ ათიათასობით მებრძოლი გაიწვიეს.
ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინმა ისინი დაადანაშაულა საბრძოლო მასალის ნაკლებობაში, „რუსეთის მიწის“ დათმობაში და პირობა დადო, რომ მანამდე იქნება დაკავებული მათი საქმეების გარკვევით, სანამ „ამ პერსონაჟებს პასუხს აგებინებენ“. თავდაცვის სამინისტრო მსგავს განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.