
ოდიშარია ადასტურებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროს მოადგილედ დაინიშნა
13/06/2023 09:34:26 საზოგადოება
POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ადასტურებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროს მოადგილედ დაინიშნა
„რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. იმასაც გავარკვევ, რატომ არის ეს პროტესტის საგანი, წარმოდგენა არ მაქვს, არგუმენტი არ მომისმენია. კულტურის სამინისტროს ეკუთვნის კინოცენტრი, მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ია. ვიცი, რომ წელიწადზე მეტია, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის აქ, აქამდე მსგავსი პროტესტი არ ყოფილა, ახლა რამ გამოიწვია პროტესტი, გავერკვევი. პროტესტის გამომხატველი ადამიანი როცა მოვა, დღეს ასეთი არ ყოფილა, მერე გავერკვევი“, –განაცხადა ოდიშარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.
კინოცენტრის თანამშრომლების ნაწილი გამოცხადებულ რეორგანიზაციას აფასებს მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და კინოცენტრის ბერკეტი სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს. ისინი მოითხოვენ, დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეწყდეს და დირექტორი კონკურსის საფუძველზე დაინიშნოს.
ბაჩო ოდიშარია დაიბადა 1991 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 2017 წლიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მიჰყავს გადაცემა „ილუზიონი“. იგი აგრეთვე არის ტელეკომპანია „POSTV“-ის ანალიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.