უკრაინაში ფრონტზე მორიგი რუსი გენერალი დაიღუპა
13/06/2023 08:37:48 მსოფლიო
უკრაინული კონტრშეტევის დროს რუსეთმა უმაღლესი სამხედრო სარდლობის მორიგი წარმომადგენელი დაკარგა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 12 ივნისს დაიღუპა არმიის გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტისთვის მეხუთე ცალკეულ სატანკო ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ხოლო ომის ერთი წლის თავზე არმიის შტაბის ხელმძღვანელი გახდა.
ცნობისთვის: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ივნისის დასაწყისისთვის არსებული მონაცემებით, დადასტურებული იყო 4 რუსი გენერლის, 58 პოლკოვნიკისა და 176 პოდპოლკოვნიკის სიკვდილი. თუმცა ამერიკის თავდაცვის უწყება თითქმის ორმაგ ციფრებს ასახელებს. კერძოდ, როგორც 10 მაისს პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელმა სკოტ დეერიერმა განაცხადა, დაღუპულია სულ მცირე, 8 რუსი გენერალი, რაც ლეტალობის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია ოფიცერთა შემადგენლობისთვის და მნიშვნელოვნად აჭარბებს მთელი 20 წლის განმავლობაში ავღანეთის კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების რიცხვს.
ამასთან, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინის ომში რუსული არმიის 10 გენერლის დაღუპვის შესახებ იუწყებოდა, ხოლო იაპონური დაზვერვა მიმდინარე წლის თებერვალში 20 რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ ავრცელებდა ცნობებს.


