უკრაინის გენშტაბი : უკრაინელებმა მარინკასთან მტრის 14 შეტევა მოიგერიეს
13/06/2023 06:17:40 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 31 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 47-ჯერ დაცხრილეს.
გენშტაბის ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად ხარკოვის, სუმის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში დაინგრა, ან დაზიანდა სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. სარდლობის თანახმად, ფრონტის ამ მონაკვეთებზე, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება, გასულ 24 საათში 26 შეტაკება იყო. გენშტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ მარინკის რაიონში მოგერიებულია 14 შეტევა.


