Accentnews.ge
ვინ მიულოცა პუტინს რუსეთის დღე

ვინ მიულოცა პუტინს რუსეთის დღე

12/06/2023 18:31:04 მსოფლიო

ერთ–ერთმა პირველმა ვლადიმირ პუტინს რუსეთის დღე ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა მეთაურმა კიმ ჩენ ინმა მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა. მისალოცი წერილის ტექსტი კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ (KCNA) გამოაქვეყნა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს.

გზავნილში კიმი იცავს უკრაინაში შეჭრის თაობაზე პუტინის გადაწყვეტილებას და „სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას“ უკცხადებს მოსკოვს:

„სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი კიდევ ერთ გამარჯვებას შესძენს ისტორიას“.

ჩრდილოეთი კორეა - იზოლირებული კომუნისტური დიქტატურა - მსოფლიოს სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია (გარდა თავად რუსეთისა და სირიისა), რომელმაც მოსკოვის მიერ ოთხი უკრაინული რეგიონის ანექციას მხარი დაუჭირა.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მილოცვისას პუტინს ჯანმრთელობა უსურვა, ხოლო რუსეთის მოსახლეობას „მშვიდობა და ჰარმონია“ და აღნიშნა, რომ პუტინის პოლიტიკა „თანმიმდევრულად აძლიერებს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე“.

„თქვენმა ერთგულებამ სამართლიანობის იდეალებისადმი, თქვენმა მაღალმა პასუხისმგებლობამ სახელმწიფოს ბედზე, თქვენმა სურვილმა, უზრუნველყოთ უსაფრთხოება, მიიღო რუსეთის მოქალაქეების სხვადასხვა თაობის საყოველთაო მხარდაჭერა“, - ნათქვამია ლუკაშენკას მილოცვაში.

აზერბაიჯანის მეთაურმა ილჰამ ალიევმა მილოცვაში ორი ქვეყნის კარგ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე:

"დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ აქტიურ ხელშეწყობას ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების კეთილდღეობისთვის".

პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმაც. სრული ტექსტი არ გამოქვეყნებულა, ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ტოკაევმა „რუს ხალხს უსურვა კეთილდღეობა და წინსვლა და ასევე გამოთქვა რწმენა თანამშრომლობის გაღრმავების ორი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ“.

პუტინს მიულოცა ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმაც. ამის შესახებ ყირგიზეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს. მათი თქმით, ჟაპაროვმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ „საერთო ისტორიული მემკვიდრეობა, კულტურა და სულიერი ფასეულობები ყოველთვის იქნება მყარი საფუძველი რუსეთ-ყირგიზეთის ურთიერთობების შემდგომი დინამიური განვითარებისთვის“.

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა არა მხოლოდ წერილი მისწერა პუტინს, არამედ ესტუმრა რუსეთის საელჩოს სომხეთში და მიულოცა ელჩს. „სომხურ-რუსული ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებულია ორი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, დღეს დამაჯერებლად ვითარდება მოკავშირეთა თანამშრომლობის სულისკვეთებით“, - თქვა მან პუტინისთვის გაგზავნილ წერილში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაახლოებით იდენტური შინაარსის მილოცვა გამოაქვეყნა.

თურქმენეთის ხელმძღვანელმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მიულოცა არა მხოლოდ პუტინს, არამედ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს. მან, ისევე როგორც სხვა ლიდერებმა, აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობის „მაღალი დონე“, პუტინს და მატვიენკოს ბედნიერება და წარმატებები უსურვა.

პუტინს მილოცვები გაუგზავნეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტებმა. ასლან ბჟანიამ პუტინს და რუსებს ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა, ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის თითოეულ მცხოვრებს ყოველთვის მადლიერებით ემახსოვრება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენს რესპუბლიკას გაწეული ფასდაუდებელი მხარდაჭერა და დახმარება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S