
ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა
12/06/2023 09:00:56 თავდაცვა, რეკლამა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM ) ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბრისას მინისტრმა აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.