გაერო: გარდა იმისა, რომ უკრაიანში 700 000 ადამიანს სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა, ეს წყალდიდობა საკვების ფასებს მთელ მსოფლიოში გაზრდის
11/06/2023 13:19:39 მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ კახოვკას კაშხლის ნგრევის გამო უკრაინაში 700 000 ადამიანი სათანადო სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
როგორც იგი აცხადებს, წყალდიდობა უკრაინაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვლეულის მწარმოებელია, ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს და საკვების ფასებს მთელ მსოფლიოში გაზრდის.
გრიფიტსმა თქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც ძირითადად უკრაინის დამხმარე ჯგუფების მეშვეობით მუშაობს, ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე დატბორილ რაიონებში დაახლოებით 30 000 ადამიანს აღმოუჩინა დახმარება. მისი თქმით, რუსეთი ამ დრომდე არ აძლევს გაეროს საშუალებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად.
გარდა ამისა, გრიფიტსმა აღნიშნა, რომ ადიდებული წყალი აუცილებლად წაიღებს ნაღმებს იქ, სადაც ხალხი მათ არ ელოდება.
„ასე რომ, ეს არის პრობლემების კასკადი, დაწყებული იმით, რომ ადამიანებს დღეს გადარჩენის საშუალება მიეცეთ და შემდეგ - ხვალინდელი დღისთვის გარკვეული პერსპექტივები“, – დასძინა მან.
კახოვსკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და კაშხლის ნგრევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.


