CNN: ტრამპი ჩანაწერში აღიარებს, რომ "საიდუმლო ინფორმაციას" გრიფი არ მოხსნა
09/06/2023 18:16:06 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2021 წელს ჩატარებული შეხვედრის ჩანაწერზე აღიარა, რომ დაიტოვა "საიდუმლო" სამხედრო ინფორმაცია, რომელსაც საიდუმლოს გრიფი არ მოხსნა, - იუწყება CNN.
როგორც გამოცემა იტყობინება, მან აუდიოჩანაწერის სტენოგრამა მოიპოვა.
"როგორც პრეზიდენტს, გრიფის მოხსნა შემეძლო, მაგრამ ახლა არ შემიძლია", - ამბობს, CNN–ს ცნობით, ტრამპი.
"ეს არის სტენოგრამის ნაწილი შეხვედრიდან, რომელზეც ტრამპი ირანზე თავდასხმის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტს განიხილავდა. აუდიოჩანაწერში ტრამპი ამბობს, რომ დოკუმენტს არ მოხსნა გრიფი "საიდუმლო", – იუწყება CNN.
8 ივნისს ტრამპს ბრალდება შვიდი პუნქტით წაუყენეს საგანგებო პროკურორის ჯეკ სმიტის ხელმძღვანელობით საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების ფარგლებში. ტრამპის ადვოკატმა ჯიმ ტრასტიმ ტელეკომპანია CNN-ს დაუდასტურა, რომ 7-პუნქტიანი ბრალდება მომდინარეობს კანონიდან შპიონაჟის შესახებ და ეხება შეთქმულებას, ცრუ განცხადებებს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას.
თუმცა, ბრალდების დეტალები საჯარო არ არის და უცნობია, ის თუ მოიცავს 2021 წლის შეხვედრის ჩანაწერს. თუმცა, CNN ჩანაწერის არსებობას მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან, ტელეარხის ცნობით, ის მოწმობს, რომ ტრამპს ესმოდა, რომ დოკუმენტებს, რომლებიც თეთრი სახლის დატოვების შემდეგ თავის ფლორიდის რეზიდენციაში ჰქონდა, კვლავ საიდუმლოს გრიფი ედო.
"ტრამპი საჯაროდ აცხადებდა, რომ დოკუმენტებს, რომლებიც ფლორიდის სახლში წაიღო, საიდუმლოს გრიფი მოხსნილი ჰქონდა - და საგანგებო გამოძიებას უწოდებდა კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობას, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის წარმოებაში", – იუწყება CNN.


