უკრაინა: აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ წყალსაცავის განადგურების უკან რუსეთი იდგა
09/06/2023 14:08:51 მსოფლიო
უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მოიპოვა რუსეთის სამხედროებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერი, რომელიც კახოვკას წყალსაცავის განადგურებაში რუსეთის მონაწილეობას ადასტურებს.
უწყებამ აუდიოჩანაწერი 9 ივნისს ტელეგრამით გაავრცელა. უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროები ლაპარაკში აღიარებენ, რომ წყალსაცავის დაზიანება იყო "საბოტაჟის ჯგუფის" მოქმედებების შედეგი, უკრაინის არმიისთვის სირთულეების შექმნის მიზნით.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ–ჯერობით დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
"ეს დარტყმა მათ [უკრაინელებს] არ მიუტანიათ. ეს იყო საბოტაჟის ჩვენი ჯგუფი იქ. მათ უნდოდათ წყალსაცავით [უკრაინელების] შეშინება. ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდნენ, უფრო დიდი აღმოჩნდა", - ამ სიტყვებს, უწყების ცნობით, ჩანაწერში რუსი სამხედრო ოფიცერი წარმოთქვამს.
უკრაინის უშიშროების სამსახური არ აკონკრეტებს საუბარში მონაწილეთა ვინაობას და მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს იმის თაობაზე, თუ რა ითქვა ან როდის, თუმცა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის დანაშაულების და წყალსაცავის "ეკოციდის" შემთხვევებზე.


