ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელმძღვანელი: "პუტინს უკრაინაში რუსეთის მიზნების შეცვლა მოუწევს"
09/06/2023 08:55:53 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში დასახული მიზნების შეცვლა მოუწევს, ვინაიდან ქვეყნის დემილიტარიზაციას ვერ მიაღწია, დასავლეთი კი უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში მისაღებად ემზადება, - განაცხადა ანექსირებული ყირიმის კრემლის მიერ ხელდასმულა ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა.
"ვითარება უკვე ყოველდღიურად იცვლება და ვფიქრობ, მაინც მოგვიწევს უკრაინაში დასახული მიზნების კორექტირება, - მე პირადად ამაში ეჭვი აღარ მეპარება. პუტინს მოუწევს, უკრაინაში რუსეთის ახალი მიზნების ფორმულირება მოახდინოს. პირადად მე უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესაძლებლობას იმთავითვე განვიხილავდი, თუ კი მოსკოვს ქვეყნის დემილიტარიზაცია არ გამოუვიდოდა. ახლა კი საერთოდ ვეღარ წარმომიდგენია, რაზე შეიძლება, ვესაუბროთ სამომავლოდ, რა ვაშენოთ და ა.შ."- განუცხადა ჟურნალისტებს აქსიონოვმა.
ამასთან, მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, "სად შეიძლება, გაიაროს რუსეთ-უკრაინის საზღვარმა". "ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშა" - დასძინა აქსიონოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისას დასახული ყველა მიზნის კრახზე რამდენიმე დღის წინ გავლენიანმა რუსმა დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ მისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისა და მმართველი პარტიიდან გარიცხვის საკითხის განხილვა დაიწყო.
რუსი პროპაგანდისტები კი ბოლო დღეებში "სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე" ალაპარაკდნენ. ასე, მაგალითად, RRT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ამ დღეებში კიდევ ერთი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის თოქ-შოუში გააჟღერა ინიციატივა "კონფლიქტის გაყინვისა" და რუსეთის მიერ დღემდე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიებზე ახალი რეფერენდუმების გამართვის შესახებ, რათა "ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, ვისთან ურჩევნიათ ყოფნა".
"ვისთანაც მოისურვებენ ყოფნას, მას დარჩეს ეს ტერიტორიები. რაში გვჭირდება ტერიტორიები, რომელთა მოსახლეობას ჩვენთან ყოფნა არ სურს?! პირადად ჩემი აზრით, ასეთი ტერიტორიები არ გვჭირდება. ვფიქრობ, ანალოგიურ პოზიციაზეა პრეზიდენტი პუტინიც. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არამგონია, უკრაინელებმა ჩვენთან ამ საკითხზე მოლაპარაკება მოისურვობ" - დასძინა სიმონიანმა.


